суббота, 16 февраля 2019 г.



სიახლეები

გაეცანით სალომე გორგაძის სტატიას
რა ინფორმაციის წყაროები აქვთ სკოლებს
რა ინფორმაციის წყაროები არსებობს საჯარო სკოლებში? რა სახის ინფორმაცია აინტერესებთ სკოლებს და რა ბარიერები არსებობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით? სკოლის დირექტორები და მასწავლებლები რა წყაროებზე დაყრდნობით იღებენ ინფორმაციას, სკოლის მართვისა და სწავლების შესახებ?
მეტწილად, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები სკოლებში ინფორმაციის მიღების მთავარ და ხშირ შემთხვევაში ერთადერთ წყაროდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასახელებენ. პრაქტიკა აჩვენებს იმასაც, რომ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების მოძიებისა და ამ გზით მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებისათვის სასკოლო დონეზე ინიციატივა ნაკლებად არსებობს. თუმცა, ამ მხრივ, როგორც ქალაქის ისე რეგიონების სკოლებში განსხვავებულ პრაქტიკასაც ვხვდებით:
მასწავლებელი არ უნდა ელოდებოდეს, რას შესთავაზებს ან დაავალებს სამინისტრო. სასკოლო საზოგადოება მუდმივად უნდა ფიქრობდეს, რა შეიძლება გაკეთდეს მოსწავლეებისათვის უკეთესი სასწავლო გარემოს შესაქმნელად. მუდმივი მოლოდინი ინდივიდუალურ ინიციატივებს აქრობს. სკოლებსა და ადგილობრივ თემში არსებულ საგანმანათლებლო რესურსებსაც კი ხშირად ჯეროვნად ვერ იყენებენ მასწავლებლები“, - ამბობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა.
იგი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის მიღებისა და განსხვავებული პრაქტიკის გაზიარებისთვის საგნობრივ ასოციაციებში გაწევრება მასწავლებლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. მაგალითად სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მოაქვს, რომლის ერთ-ერთი წევრი თავადაც არის. „პროფესიული გაზიარების ონლაინჯგუფებიმასწავლებლებს ეხმარება პროფესიული დილემების გადაჭრაში. მისი თქმით, კოლეგების პრაქტიკის გაზიარება, მსჯელობა  სწავლა-სწავლების პროცესში გაჩენილი დაბრკოლებების თაობაზე ეხმარება პედაგოგებს, ღირებული გამოცდილება მიიღონ. მისი თქმით, ასოციაცია ცდილობს, მასწავლებლების საჭიროებებზე მორგებული ინფორმაცია მიაწოდოს მათ, რაც შესაძლოა, სამინისტრომ საგანმანათლებლო სერვისების სკოლებისთვის მიწოდებისას ვერც კი გაითვალისწინოს.
მასწავლებელი მხოლოდ სასკოლო სივრცეში არ უნდა ჩაიკეტოს. მეც ვცდილობ, ყველა რესურსი გამოვიყენო, რაც მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება გახდეს ჩემი მოსწავლეებისათვის. არ მაქვს იმისი ილუზია, რომ ყველაფერი ვიცი. არის სფეროები, სადაც კომპეტენტური არ ვარ. ამ დროს მივდივარ მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სამსახურში ან არასამთავრობო ორგანიზაციაში და იქ მომუშავე კომპეტენტურ ადამიანს ვთხოვ, მოვიდეს გაკვეთილზე, რათა დამეხმაროს და ერთად ვატარებთ გაკვეთილს. ამ მიზნით ჩემს გაკვეთილზე სხვა სკოლის მასწავლებელიც მიმიწვევია. იმისათვის, რომ სასწავლო გარემო უფრო საინტერესო იყოს მოსწვლისთვის და მასწავლებელიც მუდმივად განიცდიდეს პროფესიულ ზრდას, მიმაჩნია, რომ, ამგვარი ალტერნატიული ინფორმაციის წყაროები უნდა გამოიყენოს“, - ამბობს ლადო აფხაზავა.
ხაშურის #1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, ნანა დაბრუნდაშვილის თქმით, დღესდღეობით, მასწავლებლების პროფესიული განვითარება მეტწილად ტრენინგებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს რესურსიზღვაში წვეთიაიმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც დღეს მასწავლებლებს შეუძლიათ მოიძიონ და პროფესიული განვითარებისთვის გამოიყენონ. ნანა დაბრუნდაშვილი Microsoft-ის ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებელი და eTwinning ამბასადორი. eTwinning არის საერთაშორისო ონლაინპლატფორმა, რომელიც შექმნილია ევროპის სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობისთვისრათა სკოლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ითანამშრომლონ, სხვადასხვა სასწავლო პროექტი განახორციელონ.
ნანა დაბრუნდაშვილი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებში ჩართულობა მასწავლებლებს თანამედროვე ცოდნით ამარაგებს და შესაძლებლობას აძლევს, უფრო საინტერესო გაკვეთილები ჩაატაროს. ამის მაგალითად კი მოაქვს საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების პროექტები, რომლებიც  აკადემიური ცოდნის განმტკიცების გარდა, ადგილობრივი თემის ჩართულობასაც ითვალისწინებს, საბოლოოდ კი თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და ამ პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო გზების დასახვას ასწავლის მოსწავლეებს.
გვქონდა პროექტები როდესაც საქველმოქმედო ღონისძიებები  გამართეს მოსწავლეებმა, მიღებული თანხით კი ადგილობრივ ბავშვთა სახლს და მოხუცების თავშესაფარს დაეხმარნენ. ასევე, დაასუფთავეს და გაამწვანეს მიტოვებული სპორტული მოედანი. ამგვარად, მოსწავლეებმა ისწავლეს, თემში არსებული პრობლემები დაენახათ, გადაწყვეტის გზებზე ემსჯელათ და სკოლას თავისი წვლილი შეეტანა საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარების მცდელობაში. ამგვარი გაკვეთილები სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეების აღზრდას უზრუნველყოფს. პროექტები საინტერესოა იმითაც, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ საგანზე არ არის მორგებული, მაგალითად  ამ პერიოდში პროგრამულად მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს გავდიოდით, რაც დაეხმარა მოსწავლეებს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია რაოდენობრივად გაეანალიზებინათ“, - ამბობს ნანა დაბრუნდაშვილი.
მისივე თქმით, გარდა მასწავლებლების მოტივაციისა, რომ მუდმივად სიახლეების საქმის კურსში იყვნენ და პროფესიულ განვითარებაზე იზრუნონ, მნიშვნელოვანია, თავად სკოლასაც ჰქონდეს სათანადო რესურსები, რომ პედაგოგებმა ამ ინიციატივების განხორციელება შეძლონ. თუმცა ამ მხრივ, სკოლებში ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი არსებობს. მისი თქმით, მაშინ როდესაც სკოლის ბიუჯეტი ძირითადად მასწავლებლების ხელფასსა და კომუნალურ გადასახადებს ხმარდება, რთულია თანხის მოძიება, რაც პროექტების განხორციელებისას მეტ თავისუფლებას მისცემდა პედაგოგებს.
თუნდაც ისეთი თითქოსდა ელემენტარული რამ, როგორიც მასწავლებლის სახელმძღვანელოებია, სკოლის ბიბლიოთეკაში არ გვაქვს. მასწავლებლისთვის ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსი რომ იყიდოს სკოლამ, სხვა აუცილებელ საჭიროებებზე აღარ გვეყოფა თანხა. ამ პირობებში ცხადია, ძალიან გვეხმარება ონლაინრესურსები, თუმცა მხოლოდ სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და საგანმანათლებლო რესურსი, ცხადია, საკმარისი ვერ იქნება“,- ამბობს ნანა დაბრუნდაშვილი.
მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის პრობლემა უფრო მწვავედ დგას მაღალმთიანი რეგიონების სკოლის მასწავლებლებისთვის. როგორც მესტიის რაიონის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა წულუკიძე ამბობს, მაღალმთიან რეგიონებში სკოლის მასწავლებლებისათვის სწავლა-სწავლების პროცესის შესახებ სიახლეების გაცნობა, ძირითადად, ტრენინგების საშუალებით ხდება, თუმცა ის და მისი კოლეგები ხშირად ვერ ახერხებენ ამგვარ ტრენინგებში მონაწილეობას.
თუკი ადგილზე ჯგუფი არ შეიკრიბა, ინტერესის მიუხედავად, ტრენინგიც არ ტარდება. ინფორმაციას კი ვიღებთ, რომ რაღაც ტრენინგი ტარდება,  მაგრამ ჩართულობა გვიჭირს. ძალიან მინდოდა, შარშან ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეფასების ტრენინგებზე დასწრება, არ შედგა ჯგუფი და მონაწილეობაც ვერ მივიღე. ეს პრობლემაა. ვიღაცამ ქალაქში ეს ტრენინგი უკვე გაიარაუკვე არათანაბარ მდგომარეობაში ვართ მე და ქალაქის მასწავლებელი. კარგი იქნებოდა,  თუნდაც წელიწადში ერთხელ უშუალოდ რეგიონისთვის რომ ჩატარდეს მასწავლებლების კონფერენცია, სადაც ერთმანეთს გამოცდილებას გვუზიარებთპირადად მე კონფერენციისას, კოლეგების პრაქტიკის გაზიარება ყველაზე მეტ ცოდნას მაძლევს. თუმცა, ამ შესაძლებლობას ხშირად მოკლებულნი ვართ“,- ამბობს ეკა წულუკიძე.
თუმცა, მეორე მხრივ პრობლემა არის ისიც, თუ შემდგომში როგორ იყენებენ მასწავლებლები ტრენინგებზე მიღებულ ინფორმაციას. მისი თქმით, ხშირად ტრენინგებზე დასწრება კრედიტქულების მოსაგროვებლად ხდება და ნაკლებად - სიახლეების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, რაც სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს ფინანსური რესურსი მიზანმიმართულად არ იხარჯება.
დღესდღეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემას იყენებს. ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სამინისტროს სხვადასხვა ღონისძიებისა თუ პროექტის განსახორციელებლად ნებართვის თაობაზე მიმართავენ, რესურსცენტრების გავლით  საჯარო და კერძო სკოლებს მიეწოდება. სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი კი განათლების სისტემაში არსებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე აწვდის ინფორმაციას რესურსცენტრებს. გარდა ამისა, სკოლები საკანონმდებლო მაცნის დარეგისტრირებული მომხმარებლები არიან. როგორც სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ამბობენ, ისინი რეგულარულად ადევნებენ თვალს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების ოფიციალურ ვებგვერდებსა და facebook-გვერდებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის  საჯარო სკოლის დირექტორი მაია ნაცვლიშვილი, ამბობს, რომ დღესდღეობით, გასულ წლებთან შედარებით, ინფორმაციის მიღება სკოლებისთვის გამარტივებულია. ამჯერად გამოწვევაა, ინფორმაციის ნაკადში შეძლონ სწორად განსაზღვრონ და მათი სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, გამოიყენონ სხვადასხვა სასწავლო რესურსი, ტრენინგი, ონლაინკურსიჩაერთონ პროექტებსა თუ კონკურსებში და ..
მისი თქმით, ყველა სკოლამ ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოიძიოს ინფორმაცია. ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დირექტორს, რომელსაც უნდა ჰქონდეს სათანადო მოტივაცია და ცოდნაც საიმისოდ, რომ ზუსტად იცოდეს სკოლის, მასწავლებლების, მოსწავლეების საჭიროებები, ითანამშრომლოს ადგილობრივ თემთანუნივერსიტეტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვინაიდან, მისივე თქმით, სკოლა სწორედ საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით ახერხებს, ღირებული ცოდნა მისცეს მოსწავლეებს.
სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ინფორმაციის მოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას თბილისის 98- საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი მომცელიძე. სკოლა ბილინგვურია და იქ 24 სხვადასხვა ეროვნების ბავშვი სწავლობს, ამიტომ გიორგი მომცელიძის განმარტებით, ტოლერანტული გარემოს შექმნა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა სკოლისთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა. ამ მიზნით სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან.
ჩვენ რომ ყოველდღიურად არ ვიღებდეთ ინფორმაციას, რა ხდება საერთაშორიო ბაზარზე საგანმანათლებლო ჭრილში, ვერ ავუწყობთ ფეხს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელიც დღეს საზოგადოებაში არის. არ ვიცით, ჩვენს მოსწავლეებს ხვალ და ზეგ სად მოუწევთ ცხოვრება, სწავლის გაგრძელება, ამიტომ ჩვენი მთავარი ვალდებულებაა, მოსწავლე იყოს კონკურენტუნარიანი  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მივცეთ მას შესაბამისი უნარები, ვასწავლოთ, თუ როგორ ისწავლოს, როგორ მიიღოს თვითგანათლება. ჩვენი სკოლა ორენოვანია, ამიტომ გვაინტერესებს როგორ მიმდინარეობს ბილინგვური განათლება მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში. ამ მიზნით გვყავს პარტნიორი სკოლები, რომელთა გამოცდილებასაც პრაქტიკაში ვითვალისწინებთ“,- ამბობს გიორგი მომცელიძე.
თბილისის 21- საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ ამზაშვილის თქმით, ვინაიდან სკოლაში 38 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე სწავლობს, სხვა მიმართულებებთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმგვარ პროექტებში ჩართულობას, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება.
მაგალითად, ამჟამად სკოლა ჩართულია ერთ-ერთი ნორვეგიული ორგანიზაციის პროექტში, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, ფსიქოლოგის დახმარებით, მეგობრობის ქსელს ავითარებს სკოლაში და ეხმარება სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს ეფექტიანი სასწავლო პროცესის წარმართვაში.
თამარ ამზაშვილის თქმით, იგი ცდილობს, სკოლის სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით მისი მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რესურსები მოიძიოს, რათა მასწავლებლებმა სხვადასხვა პროექტში მონაწილეობითა თუ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების გავლით ან სახელმძღვანელოების გაცნობით, სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო პროცესი წარმართონ.
„2006 წელს, როცა პირველი ეროვნული სასწავლო გეგმა დაიწერა, აბსოლუტურად სხვა კატეგორიის ბავშვებთან და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან გვქონდა საქმე, ინტერნეტი, როგორც საგანმანათლებლო რესურსი, ამ დოზით არ იყო საგანმანათლებლო სივრცეში, რომ მასწავლებელსაც და მოსწავლესაც გამოეყენებინათ. დღეს ბავშვს უჭირავს სმარტფონი და ერთი თითის დაჭერით შეუძლია, ინფორმაცია მიიღოს, დაფასთან კი კვლავ დგას ცარცით მასწავლებელი, ეს ორი შეუსაბამობაა. ჩვენ თუ ბავშვს ვასწავლეთ ისე, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ, ეს ნიშნავს, რომ მომავალ თაობას არ ვზრდით და მომავლისკენ არ ვიხედებით. ამიტომ მასწავლებელმა ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს, ამას კი ვერ შეძლებს, თუკი თავად არ ექნება ინიციატივა, იმაზე მეტი იცოდეს საკუთარი პროფესიის შესახებ, რასაც დღეს მისგან სახელმწიფო მოითხოვს“,- ამბობს თამარ ამზაშვილი.
როგორც ქალაქში, ასევე რეგიონებში მდებარე სკოლებში არსებობს პრაქტიკა, როდესაც სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგებში მონაწილეობა, საგნობრივ ასოციაციებში გაწევრება ან პროექტებში ჩართულობა მათთვის სასარგებლო და საჭირო ცოდნის მიღების წყაროდ გვევლინება. თუმცა პრობლემას წარმოადგენს სკოლებში მეთოდური ლიტერატურის სიმწირეასევე კონფერენციების ხშირი ორგანიზება, რაც მასწავლებლებს საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა; საჯარო სკოლებში იშვიათია პრაქტიკა, როცა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაგალითად უნივესრიტეტები, ბიბლიოთეკები ან მუზეუმები სკოლისთვის ახალი ცოდნის მიღების წყაროდ გევლინება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო სკოლებისთვის რესურსებისა თუ ინფორმაციის შეთავაზებისა და გაცვლის ერთადერთი პასუხისმგებელი ინსტიტუცია სახელმწიფოა.  არასახელმწიფო აქტორებსა და სკოლებს შორის სერვისებისა და რესურსების გაცვლის პროცედურები კი განვითარებული ნაკლებად არის.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითსტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას


Комментариев нет:

Отправить комментарий